დაჯავშნე დანადგარი
რა არის ფაბლაბი?

ფაბლაბის ანუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის კონცეფცია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT) 2001 წელს შეიქმნა. ლაბორატორიის მთავარი იდეა არის ბიტების ატომებად ქცევა კომპიუტერით პროგრამირებადი ისეთი სამრეწველო ინოვაციური დანადგარების დახმარებით, როგორიცაა: 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი, CNC რუტერი და სხვა.  საბოლოოდ ეს ყველაფერი იძლევა უნიკალურ შესაძლებობას  შევქმნათ თითქმის ყველაფერი.

ფაბლაბის მიზანია, მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის თავისი უნიკალური მოდელი. მისი განვითარება მნიშვნელოვანია ახალი სტარტაპ ბიზნესების ჩამოსაყალიბებლად და პერსონალური წარმოების განსავითარებლად, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანისთვის სასურველი ინდივიდუალური დიზაინისა თუ ფუნქციების მქონე პროდუქტის მისაღებად არ იქნება საჭირო დიდი ქარხნის აშენება და ეს ყველაფერი მოხდება ლოკალურად, ფაბლაბების ბაზაზე. სწორედ ამისი ნათელი მაგალითია მსოფლიოში შექმნილი პირველი საჯარო ფაბლაბი, რომელიც MIT-ს ბიტების და ატომების ცენტრის და Grassroot Invention Group-ის ინიციატივითა და NSF-ის დაფინანსებით შეიქმნა ინდოეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალგანვითარებულ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 3D პრინტერებისა და სხვა დანადგარების დახმარებით ქმნიდნენ მათთვის სანატრელ საოჯახო მოხმარების საგნებს, რომლებზეც ხელი აქამდე არ მიუწვდებოდათ. მათ რეალურად დაინახეს თუ რამხელა შესაძლებლობა აქვს ამ დანადგარულ ციკლს.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ბადებს წინსვლის პერსპექტივას თანამედროვე საზოგადოებაში. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება.

ასევე საყურადღებოა განვითარების სწორი კურსი და სტარტაპ ბიზნესის ზუსტი ფორმულირება, რადგან მან შეძლოს ბაზარზე თავის დამკვიდრება და წვლილის შეტანა ქვეყნის ეკონომიკაში, რაზეც პირდაპირ ახდენს ზეგავლენას. ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, იზრდება მომავლის პროფესიების ასპარეზი, რაც გვაახლოებს მსოფლიოს.

დღეს მსოფლიოს მასშტაბით 1090 ფაბლაბი ფუნქციონირებს, რაც შეეხება საქართველოს, აქ 22 ფაბლაბი აქტიურად მუშაობს და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში, ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით მე-11 ადგილზეა  და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის შვეიცარია, პორტუგალია, პოლონეთი, იაპონია, ჩინეთი და სხვა.