დაჯავშნე დანადგარი
ფაბლაბი კრეატიული ინდუსტრიისთვის
ფაბლაბი კრეატიული ინდუსტრიისთვის
12 იანვარი

12 იანვარს, 19:00 საათზე ტექნოპარკში გაიმართება შეხვედრა თემაზე ,,ფაბლაბი კრეატიული ინდუსტრიისთვის“. შეხვედრის პირველ ნაწილში ტექნოპარკის ფაბლაბის გუნდი ისაუბრებს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის სამომავლო პროექტებზე, მიზნებსა და მათ დანიშნულებაზე, აგრეთვე ამ პროექტებში საქართველოს მასშტაბით ყველა ფაბლაბის ჩართულობასა და კოლაბორაციაზე.

ღონისძიებაზე ლაბორატორიის ტექნიკური სპეციალისტი წარადგენს ტექნოპარკის ფაბლაბის შიდა პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ფაბლაბის ბაზაზე მცირე ელექტრომობილის შექმნას. ეს იქნება პირველი მცდელობა და შესაძლო საფუძველი საქართველოში ელექტრომობილების წარმოებისა.

შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართება დისკუსია მრგვალი მაგიდის პრინციპით, სადაც სტარტაპერებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ფაბლაბის სპეციალისტები ისაუბრებენ დამწყები ბიზნესის განვითარების გზებსა და არსებულ გამოწვევებზე.

ბოლო რამდენიმე წელია მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებები ხორციელდება სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ახალგაზრდებში მეწარმეობის პოპულარიზაციას და საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას ქმნის დამწყები ბიზნესისთვის. შეხვედრის მიზანია ერთიანი Fab Community-ის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.