დაჯავშნე დანადგარი
გამოფენა-გაყიდვა თბილისი მოლში
გამოფენა-გაყიდვა თბილისი მოლში
30 დეკემბერი

30 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით „თბილისი მოლში“ სტარტაპების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის "დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად" გუნდებმა, რომლებმაც ერთი თვის განმავლობაში ფაბლაბის დაზგა-დანადგარების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა პროდუქტები (ლეპტოპის სადგამი, ხის ჩანთები, ლოგიკურად სააზროვნო ფაზლები, აქსესუარები, სანათები, ინოვაციური ბანერები და სხვა). 

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროექტში "დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“ მონაწილე სტარტაპებს საშუალება მისცა დაეწყოთ მცირე წარმოება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში და იდეა ექციათ ბიზნესად. პროექტის ფარგლებში მათ ასევე ჩაუტარდათ ტრენინგები მარკეტინგის, იურიდიული და ფინანსური მიმართულებით. პროტოტიპირების პროცესში კი გუნდებს ფაბლაბის გამოცდილი თანამშრომლები დაეხმარნენ.

პროექტის მიზანია საქართველოში გაჩნდეს უფრო მეტი სტარტაპი და ინოვატორებს მიეცეთ საშუალება, თავიანთი იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქართული წარმოების ზრდას და ტექნოლოგიების განვითარებას. 

გამოფენა-გაყიდვა იძლევა შესაძლებლობას გუნდებმა გაყიდონ საკუთარი პროდუქტი, გაეცნონ მომხმარებლების მოთხოვნილებებს და განავითარონ  ბიზნესიდეა სწორი მიმართულებით. 

ფაბლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს იდეა, სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბლაბი ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ულტრათანამედროვე აპარატურას გვთავაზობს. 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარები. დღეს ფაბლაბი იძლევა საშუალებას ლაბორატორიის ბაზაზე მოხდეს სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება.