აქციე იდეა რეალობად - ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად''
აქციე იდეა რეალობად - ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად''
16 მაისი

პროექტი დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად 2015  წლიდან მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ოთხი წელია თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს საკუთარი იდეა ტექნოპარკის ფაბლაბში.

დღეს თქვენთვის ცნობილი ბევრი სტარტაპი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაიბადა. მათი უმრავლესობა დამოუკიდებლად განაგრძობს საკუთარი ბიზნესის გაფართოებას და განვითარებას.

ახლა კი მოგიყვებით წლევანდელი პროექტის მონაწილეებზე. ამ ადამიანებმა იდეების განსახორციელებლად ბევრი იშრომეს და დღეს უკვე მათთვის საყვარელ და საინტერესო საქმეს აკეთებენ.

#Thinker-  ჯაბა, ნინო და საბა საინტერესო იდეის გარშემო გაერთიანდნენ. მათ შექმნეს ეკოლოგიურად სუფთა ფაზლები, რომელთა მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში თამაშით სწავლების დანერგვა და ამგვარად მათი ინტელექტუალური უნარების განვითარება. პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ბაზარზე.

#TOYeasy მარიამის და თაზოს სტარტაპია, რომელიც გულისხმობს ხისგან შემოქმედებითი სათამაშოების დამზადებას. ამ სტარტაპის საშუალებით ბავშვები არა მარტო ლოგიკურად აზროვნების უნარს გამოიმუშავებენ, არამედ ქართულის გაუმჯობესებას და ინგლისური ენის შესწავლასაც შეძლებენ, რადგან თითოეული ფიგურის ასაწყობად საჭიროა ხეზე დატანილი სიტყვის მნიშვნელობის გაგება.

ირაკლი, თეა, გიორგი და კონსტანტინე ერთი ძალიან საინტერესო იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ. ფაბლაბის დანადგარების დახმარებით მათ შექმნეს მარიონეტების, ჩრდილების და ხელზე ჩამოსაცმელი თოჯინების მცირე ზომის სახლის თეატრები. ამ პროდუქტს საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა. გუნდის წევრები კვლავ განაგრძნობენ ბიზნესის განვითარებასა და გაფართოებას. 

#ჩატურანგა ნიკოლოზის და გიორგის სტარტაპია. მათ გადაწყვიტეს ძველი სამაგიდო თამაშები გაეცოცხლებინათ და მათთვის თანამედროვე ელფერი შეეძინათ. ფაბლაბის დანადგარების საშუალებით გუნდმა ჭადრაკის საინტერესო ფიგურები და დაფები შექმნა. როგორც თავად აღნიშნავენ, სტარტაპის მთავარი მიზანი ძველი თამაშებით საზოგადოების დაინტერესება იყო. 

ავთანდილი კომპიუტერულ სფეროში მუშაობს და ფლეშ მეხსიერების ბარათი მისთვის ძალიან საჭირო ნივთია. მან გადაწყვიტა შეექმნა სტარტაპი #ჯეტპიქსი, რომელიც გულისხმობს ხის კორპუსიან მეხსიერების ბარათების დამზადებას გრავირებითა და სხვადასხვა გამოსახულებებით. ავთანდილმა, თავის ძმასთან, ნიკოლოზთან ერთად ფაბლაბში ეს იდეა დახვეწა და მას საბოლოო სახე შესძინა. მათ გაიარეს ტრენინგები ბიზნესის, მარკეტინგის, დიზაინის კუთხით, რაც დაეხმარა შეექმნათ კომპლექსური ბრენდი, რომელსაც წარადგენდნენ გამოფენა-გაყიდვაზე მომხმარებლის წინაშე. დღეს სტარტაპი #ჯეტპიქსი უკვე პოპულარულია ქართულ ბაზარზე.

ჩვენი პროექტის ფარგლებში უამრავი ინოვაციური და კრეატიული აქსესუარი შეიქმნა.

გურამს აკრილის ქვის საწარმო აქვს, სადაც ნარჩენები მუდმივად პრობლემა იყო.  ამისთვის ის ფაბლაბში მოვიდა და სწორედ აკრილის ნარჩენებით #ქვისბეჭდების შექმნა დაიწყო. ამ იდეის განხორციელებით გურამის საწარმოში ნარჩენების პრობლემა სამუდამოდ გადაიჭრა და თან საინტერესო აქსესუარები შეიქმნა. 

მანანამ და თინათინმა გადაწყვიტეს ხატვის ნიჭი კომერციულად გამოეყენებინათ. მეგობრებმა ერთად დაიწყეს სხვადასხვა გამოსახულებების ქარგვა ტანსაცმელზე და აქსესუარებზე. მათ გამოიყენეს ფაბლაბში არსებული პროგრამირებადი საკერავი მანქანა და შექმნეს საინტერესო პროდუქცია, რომელიც მსოფლიოში პოპულარული და პოპ კულტურად ქცეული გამოსახულებების გარდა ქართულ შტრიხებსაც აერთიანებს. #Broderie-ს Facebook გვერდზე გოგონები ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებენ.

მეგის, თამარს და მარიამს სურდათ ისეთი ნივთები შეექმნათ, როგორსაც თავად სიამოვნებით გამოიყენებდნენ. გოგონებმა შექმნეს ბრენდი #INOFASHION და დაიწყეს მოდური ჩანთების, სამკაულების და აქსესუარების დამზადება ორგანული მინით. მათი ჩანთები იმით გამოირჩევა სხვებისგან, რომ უსასრულობის ეფექტს ქმნის და თან მობილური ტელეფონის დატენვაც შეუძლია. 

„დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“ საინტერესო იდეების ბიზნესად გარდაქმნის კარგი საშუალებაა. თუ თქვენც გაქვთ იდეა და გგონიათ, რომ ამ წამოწყებას შეიძლება საინტერესო განვითარება ჰქონდეს, მაშინ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ფაბლაბში და ჩვენი დანადგარებით მისი განხორციელება დაიწყოთ. გარდა ტექნიკური უზრუნველყოფისა, ფაბლაბის გუნდის წევრები დაგეხმარებიან იდეის ფორმირებაში, დიზაინისა და კონცეფციის ჩამოყალიბებაში, რაც საბოლოოდ საშუალებას მოგცემთ თქვენი იდეა საოცნებო ბიზნესად აქციოთ!